GEO ENG
 

 







 

2010-09-07
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს ცოტნე ტაბიძეს, გრიგოლ ფერაძეს, თეიმურაზ ღოღობერიძესა და ლევან კანკაძეს ფულადი ჯილდოები, საპატიო სიგელები და წიგნები გადასცა.

ქუთაისის ა.რაზმაძის სახ. 41-ე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ცოტნე ტაბიძემ კანადაში გამართულ ინფორმატიკის 22-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI-2010) პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
ერთ-ერთი საუკეთესო შედეგით ქართველი მოსწავლე ოქროსმედალოსან 24 გამარჯვებულს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. მინისტრმა მას საჩუქრად 5000 ლარი და საპატიო სიგელი გადასცა.

ცოტნე ტაბიძე მესამე წელია საერთაშორისო ოლიმპიადებში იღებს მონაწილეობას და მან უკვე ორი ბრინჯაოს, ერთი ვერცხლისა და ერთი ოქროს მედალი მოიპოვა.
2010 წელს საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადებზე საქართველომ დელეგაციები სამ დისციპლინაში: ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში წარადგინა.

  • 2 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა 6 მოსწავლისგან შემდგარმა საქართველოს ნაკრებმა გუნდმა მათემატიკის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2010.
  • 1 ვერცხლის მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა 5 მოსწავლისაგან შემდგარმა საქართველოს ნაკრებმა გუნდმა ფიზიკის 41–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IPHO 2010.
  • 1 ოქროს მედალი მოიპოვა 4 მოსწავლიგან შემდგარმა საქართველოს ნაკრებმა გუნდმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOI 2010.

მინისტრმა დღეს ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებიც დააჯილდოვა. თბილისის №199-ე სკოლა-პანსიონი ”კომაროვის” XI კლასის მოსწავლე გრიგოლ ფერაძე ხორვატიაში გამართულ ფიზიკის საერთაშორისო ოლიპიადაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ჯილდოდ 2000 ლარი და საპატიო სიგელი მიიღო.

ამავე ოლიმპიადის საპატიო სიგელები მოიპოვეს თბილისის №42-ე საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლემ თეიმურაზ ღოღობერიძემ და თბილისის №199-ე სკოლა-პანსიონი ”კომაროვის” XI კლასის მოსწავლემ ლევან კანკაძემ. მათ მინისტრმა წიგნები და საპატიო სიგელები გადასცა.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა, მომზადება და მონაწილეობის ადმინისტრირება განახორციელა საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.

share