GEO ENG
 

 







 

2015-11-26
შეხვედრა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC) წარმომადგენლებთან

დღეს, 26 ნოემბერს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის (ISTC)  წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილე - მანანა (მაკო) მიქაბერიძე, სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ნინო გაჩეჩილაძე, ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ხატია ანანიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - ნიკოლოზ ბაქრაძე.

საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ ISTC-ის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კლივი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე აიდინ ტურებაევი, ევროპული პროგრამების მენეჯერი გრემ ფრიცი და ISTC-ის საქართველოს რეგიონული განყოფილების უფროსი ირინა ხომერიკი.

შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის სამომავლო სტრატეგია, ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო პრიორიტეტებზე, თანადაფინანსების ახალ სქემებზე, ISTC-ის წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებზე და ISTC-სა და ფონდს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებზე.

საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი (ISTC) დაარსდა 1992 წლის შეთანხმებით, როგორც მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. საქართველო ISTC-ს 1994 წელს შეუერთდა. ცენტრის დამფუძნებელი ქვეყნები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები,  ევროპის კავშირისა და ევროპის ატომური ენერგიის თანამეგობრობა („ევრატომი“), იაპონია, კორეის რესპუბლიკა, ნორვეგიის სამეფო, ხოლო ცენტრის ბენეფიციარი ქვეყნების რიგს მიეკუთვნებიან: საქართველო, ყაზახეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთის რესპუბლიკა.

ISTC წარმოადგენს საქართველოს მეცნიერების მხარდაჭერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას, რომლის მიერ დაფინანსდა 160-მდე სამეცნიერო პროექტი საერთო ბიუჯეტით 32 მილიონი აშშ დოლარამდე.

ISTC-ის საკორდინაციო კომიტეტის და მმართველთა საბჭოს რიგით 61-ე სხდომა, (რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია „საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია) გაიმართება 2015 წლის 9 დეკემბერს ქ. ასტანაში.

 

share