GEO ENG
 

 







 

2013-12-14
„ლეონარდო და ვინჩი 2013“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი 2013“ გამარჯვებული ინოვაციური პროექტების ავტორები დააჯილდოვა.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გრანპრი გადაეცა ნიკა ალავიძესა და დავით ჩხეიძეს გამოგონებისთვის „აქტიური ფილტრი“ (ა. რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა), გამარჯვებულები შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემზგზავრებიან. I ადგილისა და 5 000 ლარის მფლობელი საბა მამუკაშვილი გახდა პროექტით „ორთოპედიული ჟილეტი“ (თბილისის №137 საჯარო სკოლა); II ადგილისა და 3 000 ლარს მფლობელები - ნინო ხიმშიაშვილი, ბესარიონ ქვაციხელი და ზაზაირემაძე გახდნენ პროექტით „გონიერი შუქნიშანი“ (შპს გორდას ბათუმის საერო ელიტარული საშუალო სკოლა); III ადგილი და 2 000 ლარი თემურ ჩიჩუას ერგო პროექტისთვის „ტრანსფორმერი კლეფსიდრონი“ (თბილისის №4 საჯარო სკოლა).

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინიციატივით, კონკურსი წელს მსგავსი შინაარსის „ინტელ“-ის საერთაშორისო კონკურსს მიუერთდა და შესაბამისად „ლეონარდო და ვინჩი 2013“-ის გამარჯვებული პროექტის ავტორი გაზაფხულზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას ანალოგიურ კონკურსში მიიღებს.

კონკურსის ფარგლებში შერჩეული საუკეთესო პროექტების გამოფენა ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში მიმდინარეობს, სადაც ინოვაციური ნამუშევრების ავტორები დამთვალიერებელს საკუთარი გამოგონების პრეზენტაციებს წარუდგენენ. გამოფენის ყველა მონაწილე დიპლომებით დაჯილდოვდა.

კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 2011 წლიდან იმართება და მისი მიზანი იყო მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების გამოვლენა, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით მათთვის სტიმულის მიცემა. კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 18 წლამდე მოსწავლეები.

share