GEO ENG
 

 







 

2012-07-17
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 22-მა უცხოელმა ქართული ენის შესწავლა დაიწყო. პროგრამა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ”ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის” ფარგლებში ხორციელდება. სკოლის გახსნას დღეს ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური დაესწრო.

პროექტში ქართული ენითა და დამწერლობით დაინტერესებული უცხოელები მონაწილეობენ. სპეციალური სასწავლო პროგრამა როგორც აკადემიურ, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო კურსს მოიცავს. თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მაღალკვალიფიციური მეცნიერები ჩაატარებენ. სტუდენტები აშშ-დან, გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, სერბეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, მაკედონიიდან, ირანიდან და სომხეთიდან ათი დღის განმავლობაში ქართულ გარემოში იცხოვრებენ. ასევე, დაათვალიერებენ საქართველოს კუთხეებს და გაეცნობიან ქართულ კულტურას. 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოთხ საზაფხულო სკოლას დააფინანსებს. პროექტის მიზანია ქართველოლოგიურ სამეცნიერო მიმართულებებში უცხოელი მკვლევრების ჩართვა და ზოგადად, ქართველოლოგიის მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებში პოპულარიზაცია.

share